English / ქართული / русский /
ხათუნა თაბაგარი
საქართველოს ექსპორტის ზოგადი ანალიზი: გამოწვევები Covid-19 ვირუსის ფონზე

ანოტაცია. საქართველოს გააჩნია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.კორონა ვირუსის გავრცელებისსაწინააღმდეგო ღონისძიებების  გამო, 2020* წლის პირველ კვარტალში მყისიერად შემცირდა ექსპორტის მოცულობა წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით. ყველაზე მეტად ეს აისახა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე. კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე იმისა, რომ მრეწველობის განვითარება და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი მეტად მოგებიანია ვიდრე, ნედლი საქონლით ვაჭრობა. ამასთან, აუცილებელია ქვეყნის საგადასახადო სისტემა ითვალისწინებდეს მნიშვნელოვან შეღავათებს სამრეწველო პროდუქციის ექსპორტისთვის, ვიდრე ნედლეულისა. 

შესავალი

მრავალფეროვან საექსპორტო სტრუქტურას, როგორც პროდუქციის, ასევე დანიშნულების ადგილების მხრივ, აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა, რადგან ამცირებს ისეთ შოკებზე დამოკიდებულებასა და მათგან დაუცველობას, როგორებიცაა პროდუქციის უკმარისობა და სავაჭრო კანონმდებლობის ცვლილება (კრამონ-ტაუბადელი, ს. ვ., 2014).

დამუშავებული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი წარმოქმნის დასაქმებას დამამუშავებელ მრეწველობაში და ქმნის დამატებით ღირებულებას შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და ხარისხის კონტროლის სფეროში. მათი  ფასები ნაკლებად მერყევია, ვიდრე პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის. ასევე, მარტივია მათი შენახვა, რის გამოც შესაძლებელია მათი გადანაწილება დროში. ეს იძლევა არსებული ინფრასტრუქტურის უკეთესად ათვისების შესაძლებლობას და დროებით გაჯერებულ ბაზრებზე გაყიდვის აუცილებლობას ამცირებს (კრამონ-ტაუბადელი, ს. ვ., 2014).

საქართველოს სურსათის ექსპორტი კონცენტრირებულია რამდენიმე პროდუქტსა და არამოთხოვნად ბაზარზე, რაც მას დაუცველს ხდის მცირე რაოდენობით საქონლისა და გეოგრაფიული ბაზრების შოკებისადმი. მწარმოებელთა მიზანი უნდა იყოს მოთხოვნად საექსპორტო ბაზრებზე ეტაპობრივი გადასვლა. გარდა ამისა ექსპორტის განხორციელებას ხელს უშლის ორი მოცემულობა: ნედლეულის დეფიციტი და საექსპორტო ჯაჭვების არასახარბიელო ორგანიზება (მაქსიმოვი, ა., 2017).

როგორც ჩატარებული კვლევა მოწმობს, 2016-2017 და 2018 წლის პირველი ხუთი თვის ანალიზის მიხედვით, ექსპორტის ნომენკლატურაში ჭარბობს ნედლეული ან შედარებით ნაკლებად ტექნოტევადი საქონელი, რაც მისი შოკებისადმი მაღალ მოწყვლადობას განაპირობებს (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2018). აღნიშნული მდგომარეობა არც 2019* წელსა და 2020* წლის პირველ კვარტალში არის შეცვლილი (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020).

 საქართველოს ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ახალი კორონა ვირუსის გავრცელების გამო, საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილების მიხედვით (საქართველოს მთავრობის დადგენილება, 2020), მკაცრი შეზღუდვები დაწესდა ტრანსპორტთან, გადაადგილებასთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამ გარემოებამ შეცვალა ეკონომიკური დარგების მიმართ შეხედულება: არსებული საკანონმდებლო რეგულირებით (ამავე დადგენილების მუხლი მე-7) დასაშვებია მხოლოდ სურსათით ვაჭრობა, სააფთიაქო, კომერციული ბანკების მომსახურება, დისტანციური მუშაობა, ადგილზე მიტანის მომსახურება, სამშენებლო საქმიანობა და სხვ. აკრძალულს განეკუთვნება საქმიანობის თავშეყრის ადგილები დახურულ სივრცეში, წარმოება, და სხვ. ე. ი. ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სამრეწველო დარგების მუშაობა. თუმცა, მოგვიანებით, დადგენილებაში შევიდა ცვლილება სხვადასხვა გადამამუშავებელი მრეწველობის დარგში დასაქმებული ფირმებისთვის საქმიანობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ქვეყანაში დროებით აიკრძალა იმპორტის განხორციელება, ხოლო ექსპორტთან მიმართებაში შეიზღუდა კორონა ვირუსით დაავადებულებისთვის განკუთვნილი განკუთვნილი აუცილებელი სამედიცინო და სხვა საშუალებების გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ (პირბადეები, სამედიცინო ხალათები, სასუნთქი აპარატები და სხვ.) (საქართველოს მთავრობის განკარგულება, 2020).

აღნიშნულმა ვირუსმა გარკვეული გავლენა მოახდინა ადამიანთა განწყობაზე და ეკონომიკურ პროცესებზე, საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს უსაფრთხოების დაცვას და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები იმდაგვარად ეცდებიან ბიზნეს პროცესების წარმართვას, რომ შეძლონ დანაკლისის ანაზღაურება მცირე დროში.

საქართველოს წლებია გააჩნია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (იხ. ნახაზი 1). 2019* წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, იმპორტის მოცულობა (9.1 მლრდ აშშ დოლარი) დაახლოებით 39 მილიონი ლარითაა შემცირებული, ხოლო ექსპორტის მოცულობა (3.8 მლრდ აშშ დოლარი) გაზრდილია დაახლოებით 408 მილიონი დოლარით; ამავე წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მშპ 17.7 მლრდ აშშ დოლარია, იმპორტის წილმა მშპ-ში შეადგინა - 51.4%, ექსპორტის წილმა კი - 21% (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020). 

ნახაზი 1: საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსი

2009-2019*[1] წლებში 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020 

საქართველოს მთავარ საექსპორტო ქვეყანას 2019* წლის წინასწარი მონაცემებით, ისევ აზერბაიჯანი წარმოადგენს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020).

საგარეო ვაჭრობა, მისი ბალანსი და სტრუქტურა საქართველოს გამოწვევად რჩება, მისი საექსპორტო ქვეყნები ნაკლებად დივერსიფიცირებულია (ჩეჩელაშვილი, ვ., 2019).

2020* წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2 773.9 მლნ აშშ დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.7%-ით ნაკლებია; საქართველოდან ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 778.2 მლნ აშშ დოლარი, რომელიც წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით 5.9%-ით მეტია, ხოლო იმპორტმა - 1 995.8 მლნ აშშ დოლარი, რომელიც 1.4%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით; მიმდინარე წლის 1-ლ კვარტალში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია  - 1 217.6 მლნ აშშ დოლარი, რომელიც არის საგარეო ვაჭრობის 43.9%; კორონა ვირუსის გავრცელების გამო (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და პრეზიდენტის დეკრეტი გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2020), 2020* წლის პირველ კვარტალში იმპორტის მოცულობა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მოცულობასთან შედარებით  შემცირებული იყო  78%-ით, ხოლო ექსპორტი - 5.9%-ით; ამის შედეგად ბოლო რამდენიმე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2020* წლის პირველ კვარტალში პირველად გამოვლინდა მცირე უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 217.6 მლნ აშშ დოლარი, რომელიც  წინა წელთან შედარებით დაახლოებით 85%-ით ნაკლებია (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020) (იხ. ნახაზი: 2). 

ნახაზი 2: საქართველოს ექსპორტი, იმპორტი და ბალანსი

2016-2020* წლების 1-ლი კვარტლის მიხედვით

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020 

იმპორტის შემცირება თავის მხრივ დადებითად აისახება სავაჭრო ბალანსზე. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებულმა შეზღუდვებმა (საქართველოს მთავრობის დადგენილება, 2020) უარყოფითი გავლენა მოახდინა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელზე. ექსპორტის შემთხვევაში, 2019* წლის მარტში 13.1%-ით მოიმატა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო 2020* წლის მარტში, 2019* წლის მარტის თვესთან შედარებით, ის 22.1%-ით შემცირდა   (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020) (იხ. ცხრილი 2).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელს ვირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მყისიერი გავლენა მოახდინა იმპორტის მოცულობაზე, ექსპორტის მოცულიბისგან განსხვავებით. 

ცხრილი 1: საქართველოს ექსპორტის მოცულობის ცვლილება წინა წელთან შედარებით 2019*-2020*

წლების პირველ კვარტალში

თვე

2019* წლის ცვლილება წინა წელთან შედარებით

2020* წლის ცვლილება წინა წელთან შედარებით

იანვარი

7.2%

10%

თებერვალი

18.5%

-0.5%

მარტი

13.1%

-22.1%

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020 

იმპორტის შემთხვევაში 2019* წლის მარტის თვეში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, შემცირდა 11.3%-ით, ხოლო 2020* წლის იმავე თვეში - 13.4%-ით წინა წლის მარტის თვესთან შედარებით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020).

იმპორტის მონაცემების მიხედვით (იხ. ცხრილი 3), მიუხედავად იმისა, რომ 2020* წლის თებერვალში 7.9%-იანი ზრდა აღირიცხა წინა წლის იმავე თვის მაჩევენებელთან შედარებით, 2020* წლის მარტის თვეში ამავე წლის თებერვლის მაჩვენებეკთან შედარებით შემცირდა 13.4%-ით აღნიშნული ვირუსის გავრცელების გამო. 

ცხრილი 2: საქართველოს იმპორტის მოცულობის ცვლილება წინა წელთან შედარებით 2019*-2020* წლების პირველ კვარტალში

თვე

2019* წლის პირველი კვარტლის მონაცემის ცვლილება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით

2020* წლის პირველი კვარტლის მონაცემის ცვლილება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით

იანვარი

4.4

3.4

თებერვალი

1.4

7.9

მარტი

-11.3

-13.4

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020           

2020* წლის იანვარ-მარტში საექსპორტო ჯგუფში, ისევე, როგორ 2019* წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ისევ დსთ არის პირველ ადგილზე საქართველოს მიერ განხორციელებულ მთლიან ექსპორტის 45.2%-ით, ხოლო ევროკავშირი - 21.3%-ით. რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში დსთ ისევ პირველ ადგილზეა - საქართველოს მიერ მთლიანად იმპორტირებული მოცულობის 31.3%-ით, ხოლო ევროკავშირი - 23.9%-ით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020).

ჩვენი კვლევის მიხედვით, ექსპორტის მოცულობა შემცირდა რუსეთში, თურქეთში, უკრაინაში, სომხეთში, აშშ-ში და სხვ. ვგულისხმობთ თითქმის ყველა საქონელს, რომლითაც ვაჭრობს საქართველო აღნიშნულ ქვეყნებთან (იხ. ცხრილი 3).

ცხრილი 3: საქართველოს მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობის ცვლილება მოცემულ ქვეყნებში 2019*-2020* წლებში 1-ლ კვარტალში

(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020).

ქვეყანა

2019* წლის პირველი კვარტალი

2020* წლის პირველი კვარტალი

% ცვლილება

აზერბაიჯანი

10.3

15.7

42.6

ჩინეთი

4.2

12.8

185.9

რუსეთი

16.4

11.7

-32.6

ბულგარეთი

8.2

10.7

22.5

თურქეთი

6.9

6.9

-5.8

უკრაინა

7.5

6.8

-14.8

სომხეთი

7.7

5.9

-28.2

შვეიცარია

1.9

2.7

33.1

აშშ

4.9

2.4

-53.5

ესპანეთი

0.6

2.1

222.6

დანარჩენი

31.2

22.1

-33.3

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020             

2020* წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, იმპორტის მოცულობა შემცირდა აზერბაიჯანიდან - 1.6%-ით, ჩინეთიდან - 18.2%-ით, იტალიიდან  - 10.9%-ით, იაპონიიდან - 17%-ით და სხვ. (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020).

2020* წლის იანვარ-მარტში შემდეგი საქონლის ექსპორტი გაიზარდა: სპილენძის მადნები და კონცენტრატები წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 17.3%-ით, მსუბუქი ავტომობილები - 26%-ით, ხოლო ოქრო - 19.6%-ით; ყველაზე მეტად შემცირდა - სამკურნალო საშუალებები - დაფასოებულის ექსპორტი - 76.8%-ით, ფეროშენადნობების - 39.1%-ით, აზოტოვანი სასუქები - 14.2%-ით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020).

იმპორტის თვალსაზრისით, 2020* წლის იანვარ-მარტში გაიზარდა სატვირთო ავტომობილების იმპორტი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 52.9%-ით, ხოლო შემცირდა - სამკურნალო საშუალებების  იმპორტი - 19.6%-ით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020).

ცხრილის 4 მიხედვით, მნიშვნელოვნად შემცირდა სხვადასხვა საქონლის ექსპორტი, აღსანიშნავია, რომ 2020* წლის პირველ კვარტალშიც ნედლი საქონლის ექსპორტი ჭარბობს.

ცხრილი 4: 2019*-2020* წლების 1-ლ კვარტალში საქართველოს მიერ განხორციელებული ექსპორტის % ცვლილება

#

დასახელება

2019*წლის 1-ლი კვარტალი

2020* წლის 1-ლი კვარტალი

% ცვლილება

1

ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები

75.4

14.5

-80.8

2

მცენარეული წარმოშობის პროდუქტები

161.7

33.5

-79.3

3

ცხიმები და ზეთები

10.7

3.8

-64.4

4

კვების მზა პროდუქტები; სასმელები; თამბაქო

647.6

 

131.3

-79.7

5

მერქანი, მერქნის და ჩალის ნაწარმი

35.7

 

7

 

-80.4

6

მინერალური პროდუქტები

704.8

 

190.9

 

-72.9

7

ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქცია

357.7

 

61

 

-83

8

 პლასტმასები, რეზინი და მათი ნაწარმი

70.3

 

7.9

 

-88.8

9

 ტყავი, ბეწვი და მათი ნაწარმი

3

 

0.4

 

-87.8

10

ბოჭკოვანი და ცელულოზური მასალების ნაწარმი

17.2

 

3.1

 

-82.1

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020 

ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი  რესურსი არ არის ბოლომდე ათვისებული (თვალჭრელიძე, ა., სილაგაძე, ა., ქეშელაშვილი, გ., გეგია, დ., 2011).  ქართული საექსპორტო პროდუქციის და მომსახურების კონკურენტუნარიანობა მდგომარეობს სპეციფიკურ საბაზრო ნიშებზე სპეციფიკური პროდუქციის წარმოებაში (ღაღანიძე, გ., 2018). უპირატესობა ნაკლებად ენიჭება ტექნოტევადი პროდუქციის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ საქართველო არასდროს წარმოადგენდა მკვეთრად საექსპორტო ორიენტაციის ეკონომიკას. ქვეყანას ჯერ არ აქვს იმ დონის სპეციალიზაციო სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ჯგუფები, როგორც სამხრეთ ნახევარსფეროს ცალკეულ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში არიან გაერთიანებულები (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2018). 

დასკვნა-რეკომენდაციები

  1. საქართველოს საექსპორტო პროდუქცია ძირითადად ისევ ნედლეულს წარმოადგენს, რის გამოც ვირუსის გავრცელებით წარმოქმნილმა კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა და მისი მოცულობა პირველ კვარტალში მკვეთრად შემცირდა;
  2. საექსპორტო საქონლის სიაში უციელებლია დომინირებდეს გადამამუშავებელი მრეწველობის დარგების პროდუქცია, რაც ხელს შეუწყობს მკვეთრი შოკების თავიდან აცილებას და გრძელვადიან პირობებში საქონლის მიწოდებას;
  3. ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ადგილობრივმა წარმოებამ შესაძლოა უფრო მეტად გაააქტიუროს ინტერნეტ-მომსახურება, ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის მასშტაბის გაზრდას და პროდუქციის ექსპორტზე გატანას;
  4. აღნიშნული ეპიდემიის კიდევ ერთი დადებითი მოვლენაა ლოჯისტიკის თანდათანობითი გაუმჯობესება, რაც ექსპორტის განხორციელების უმნიშვნელოვანესი პირობაა;
  5. აუცილებელია ამაღლდეს ცნობიერება, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლი სახით გაყიდვის მაგივრად, უნდა იწარმოოს ადგილობრივად და სახელმწიფომ  მასობრივი მედიისა და სხვა საშუალებით დააინტერესოს საზოგადოება, რომ ჩაერთოს აღნიშნულ პროცესებში;
  6. აუცილებელია საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილებები (შეღავათები) ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის წარმოება/ექსპორტით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით;
  7. იმპორტის შემცირებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ქვეყნის შიგნით შესაბამისი პროდუქციის მეტ-ნაკლებად წარმოების წამოწყება/გაფართოებას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. (2018). საქართველოს ექსპორტის დინამიკის ცალკეული ასპექტები საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის ფონზე. თბილისი: ღია საზოგადოების ფონდი.
  2. თვალჭრელიძე, ა., სილაგაძე, ა., ქეშელაშვილი, გ., გეგია, დ. (2011). საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. თბილისი: ნეკერი.
  3. კრამონ-ტაუბადელი, ს. ვ. (2014, ნოემბერი). საქართველოს აგრო ექსპორტი. კვლევითი ნაშრომების სერია, pp. 1-12.
  4. მაქსიმოვი, ა. (2017, აპრილი). საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტის პოტენციალის ათვისება. კვლევითი ნაშრომების სერიები, pp. 1-20.
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულება. (2020, იანვარი 28). matsne.gov.ge. Retrieved from https://matsne.gov.ge/ka/document/view/4821121?publication=29
  6. საქართველოს მთავრობის დადგენილება. (2020, მარტი 23). matsne.gov.ge. Retrieved from https://matsne.gov.ge/document/view/4830610?publication=32
  7. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და პრეზიდენტის დეკრეტი გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. (2020, მარტი 21). Retrieved from საქართველოს პარლამენტი: http://www.parliament.ge/ge/kanonmdebloba/ announcements- all/announcements-main/saqartvelos- prezidentis-brdzaneba-saqartvelos-mtel-teritoriaze-sagangebo- mdgomareobis-gamocxadebis-shesaxeb-da-prezidentis-dekreti- gasatarebel-gonisdziebebtan-dakavshirebit.pag
  8. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2020, მაისი 1). Retrieved from https://www.geostat.ge/ka
  9. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2020, მაისი 5). geostat.ge. Retrieved from https://www.geostat.ge/ka
  10. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2020). საქონლით საგარეო ვაჭრობა საქართველოში 2020 იანვარი-მარტი. თბილისი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
  11. ღაღანიძე, გ. (2018). საქართველოს საექსპორტო პოტენციალის მენეჯმენტის აქტუალური საკითხები. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  12. ჩეჩელაშვილი, ვ. (2019). საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წელს: ტენდენციები და გამოწვევები. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.


[1] 2019* წლის წინასწარი ინფორმაცია (ავტორი).